საუკუნეების განმავლობაში ომებმა და მრავალრიცხოვანმა შემოსევებმა მესხეთის ვენახები თითქმის სრულად გაანადგურა, რის შედეგადაც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მეღვინეობის რეგიონი ხანგრძლივი დროით დავიწყებას მიეცა.
დღეს ამ ისტორიულ მიწაზე დაფუძნებული ბრენდი მესხურ ღვინოს ახალ სიცოცხლეს სძენს – იმ უნიკალური ვაზის ჯიშების აღდგენით, რომლებიც ერთ დროს სამუდამოდ დაკარგულად მიიჩნეოდა.
25-წლიანი დაუღალავი ძიების შემდეგ, დამფუძნებელმა, გიორგი ნათენაძემ, 24 ენდემური მესხური ჯიში აღმოაჩინა, დააიდენტიფიცირა და აღადგინა. მათი უმეტესობა მხოლოდ ველურ ბუნებაში – მიტოვებულ სოფლებში, ტყეებსა და ხეობებში იყო შემორჩენილი, სადაც საუკუნეების განმავლობაში ხელუხლებლად იზრდებოდა და ხილის მაღალ ხეებს ეხვეოდა.
დღეს, ეს 200-400 წლის ველური ვაზების ყურძენი ხელით, უშუალოდ ხიდან იკრიფება. ტრადიციულ ქვევრებში დავარგებული ღვინოები კი წარმოაჩენს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობასა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს.
ბრენდის ვიზუალური იდენტობა ნათენაძის ღვინოების ისტორიასა და ხასიათს ასახავს. შთაგონების წყაროდ მესხური ვაზის იშვიათი ჯიშები – ხარისთვალა და ჩიტისთვალა იქცა. ეს 2- 4 საუკუნის ენდემური ჯიშები, რომლებიც ოდესღაც დაკარგულად მიიჩნეოდა, დღესაც ველურად ხარობს ტყეებში. მათი ხელით მოკრეფილი მოსავალი და ტრადიციულ ქვევრებში დაყენების მეთოდი ნათენაძის ღვინოების მთავარ ღირებულებას წარმოადგენს.
ბრენდის ისტორია ვიზუალურ ენაში: ლოგოსა და ილუსტრაციებში ცოცხლდება. მათზე გამოსახულია მითიური არსება, რომელიც ხარის ძალასა და რქებს, ჩიტის თავსა და ფრთებს აერთიანებს. ეს სიმბოლო ორი ვაზის ჯიშის სინთეზს ასახავს და ბრენდის მთავარ კონცეფციას გამოხატავს, რომელიც მესხეთის ველურ ბუნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას მჭიდროდ უკავშირდება.